საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა,იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ,საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან ლუიზა ვინტონთან და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელ დირექტორთან დავით მელუასთან ერთად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში საბავშვო ბაღი დაათვალიერეს, სადაც 5,28 კვტ. სიმძლავრის ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრული სადგური დამონტაჟდა. აღნიშნული მოწყობილობა უზრუნველყოფს საბავშვო ბაღის ელექტროენერგიის ხარჯს წყლის გაცხელების ჩათვლით. პროექტის ფარგლებში აგრეთვე დამონტაჟდა 80 ლიტრი ტევადობის ორი ერთეული წყლის ელექტროგამაცხელებელი.
ხელისუფლების წარმომადგენლები მზის მიკროელექტრული სადგურის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფელ ხრეითის ბაღი პირველია, სადაც მზის მიკროელექტრული სადგური დამონტაჟდა. პროექტი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ ,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან” თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განახორციელა.
დღესვე მუნიციპალიტეტში განხორციელებული ახალგაზრდული პროექტებიც დაათვალიერეს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჭიათურელთა კავშირის“ პარტნიორობით და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას კომპიუტერები გადასცა.