წყალტუბოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. დღეს წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს მედპერსონალმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტარეს.
ვაქცინაციის პროცესს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე, საკრებულოს ჯანდაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლაშა კაკრიაშვილი ესწრებოდნენ.
„წყალტუბოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველად ვაქცინაციის პროცესში ექიმები და მედ-პერსონალი ერთვება. ეს ნიშნავს პანდემიის დასასრულის დასაწყისს.
მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პროცესს, რათა არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ახლობლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ.
მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს, რომლებიც პანდემიის პირველივე დღიდან 24 საათის განმავლობაში არიან ჩართულნი ვირუსთან ბრძოლაში. მადლობა წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს ექიმებს და მთელს მედპერსონალს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაგალითისთვის. შესაბამის სტადიაზე, როცა ვაქცინაცია შეეხება საჯარო დაწესებულებებს, პირველი გამოვთქვამ მზაობას აცრისათვის“ - აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
„ასტრაზენეკას“ ტიპის ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს ავტორიზაცია გადაუდებელი მოხმარებისათვის. საქართველოს კანონმდებლობითაც, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ გაცემულია აღნიშნული ვაქცინის ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.
წყალტობოში ერთ-ერთმა პირველმა ა(ა)იპ „წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა - ეპიდემიოლოგმა მანანა ტყეშელაშვილმა გაიკეთა ასტრაზენეკას აცრა.
პირველ ეტაპზე „წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა" მიიღო 450 ერთეული ვაქცინა.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს იქნა შემოიტანილი და როგორც აღინიშნა, პირველ ეტაპზე ითვალისწინებს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციას.