ქუთაისში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. დღეს „ევექსის“ კლინიკაში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრნენ.
ვაქცინაციის პროცესს დაესწრო ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე.
„ მნიშვნელოვანი დღეა- დავიწყეთ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ქუთაისი აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში, ჩვენი მედიკოსები დარეგისტრირდნენ საგანგებოდ ამ მიზნით შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე. პროცესი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე პანდემია დამარცხდება.
მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ახლობლების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც დავიცვათ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სამედიცინო მუშაკებს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლაში აქტიურად იყვნენ ჩართულები და დღესაც ერთ-ერთმა პირველებმა ჩაიტარეს აცრა.“- განაცხადა ქუთაისის მერმა .
„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია . საქართველოს კანონმდებლობითაც, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.
ამ ეტაპზე ქუთაისისთვის 2000 დოზა ვაქცინაა გათვალისწინებული, 8-დან 12 კვირამდე პერიოდში კი მოხდება რევაქცინაცია. აცრები ნებაყოფლობითია.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა საქართველომ 13 მარტს მიიღო. 22 მარტიდან კი, ქვეყანა 14 500 ადამიანის ასაცრელად „ფაიზერის“ ვაქცინასაც მიიღებს.