გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

  • 2021-05-27 12:32:58

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის 11.4 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ადგილზე უკვე შეიყვანა მძიმე ტექნიკა. პროექტის მიხედვით დუშეთის მუნიციპალიტეტში, გრემისხევის თემში რეაბილიტირდება სოფელ მიქელიანში მისასვლელი 11.4 კმ-იანი საავტომობილო გზა. ამ გზით სარგებლობს როგორც გრემისხევის თემში შემავალი 11 სოფლის (ციხისუბანი, არბოეთი, თხილოვანი, მიქელიანი, პეტრიანი, ციგრიიანთკარი და სხვა), ისე გზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სოფლების მოსახლეობა და სოფელ მიქელიანთან, მდინარე ნარეკვავზე არსებული წყალსაცავის მომსახურე პერსონალი.

სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ზურაბ სეხნიაშვილთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოში ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახურის უფროსთან, ვაჟა ადამიასთან ერთად გაეცნო. “ ეს სოფლები რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 22 კმ-ით. პრობლემები იქმნება როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისე დროული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღების თვალსაზრისით. ამასთან, სოფლები გამყოფ ხაზთან მდებარეობს. არსებული გზა არის გრუნტოვანი და ძლიერ დაზიანებული, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება რთულდება, განსაკუთრებით ნალექიან ამინდში. პროექტის განხორციელების შემდეგ, ყველა ეს პრობლემა აღმოიფხვრება, ადგილობრივი მოსახლეობა და სტუმრები ახალი კომფორტული და უსაფრთხო გზით შეძლებენ სარგებლობას,“-განაცხადა დავით ნოზაძემ. დავით ნოზაძის განცხადებით აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, მმართველი გუნდის 2020 წლის წინასაარჩევნოდ დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მიცემული მთავარი დაპირება იყო.

 

 

მსგავსი პოსტები