ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები გელათის ქუჩაზე მრვალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ და მშენებლებისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ფასადების რეაბილიტაციას, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 962 806 ლარით აფინანსებს, რომლის ფარგლებში განსაზღვრულია, რუსთაველის, ახობაძის და გელათის ქუჩებზე, 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის მოწესრიგება.
სამუშაოებს ტენდერში გამრჯვებული კომპანია შპს ,,თ.ბ-კაპიტალი" აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში, ტყიბულში ასევე იგეგმება კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების ურბანული განვითარება.
ხელისუფლების წარმომადგენლები საბავშვო ბაღებშიც იმყოფებოდნენ. მათ ახალი მე-4 საბავშვო ბაღის დაათვალიერეს, რომელის მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 739 200 ლარი დაიხარჯა.
50 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. შენობა და მიმდებარე ტერიტორია ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობაც, გარე ფასადის შეღებვა, გათბობის სისტემის მონტაჟი და შიდა სივრცის რემონტი.
მონიტორინგის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქის განახლებული N2 და სოფელ გელათის საბავშვო ბაღებიც მოინახულეს.