ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო დასკვნით ეტაპზეა.
13 კმ-იან მონაკვეთზე მშენებლობა უკვე დასრულდა, ხოლო დარჩენილ 2.5 კმ-ზე სახიდე გადასასვლელის, ხელოვნური ნაგებობებისა და ასფლატ-ბეტონის საფარის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.
შემოვლითი მონაკვეთი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზას დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან, რის შემდეგაც ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.
პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სამუშაო პროცესს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე გაეცნო.
„უმნიშვნელოვანესი პროექტია როგორც კახეთის მიმართულების განვითარების, ასევე საგზაო უსაფრთხოების და ეკოლოგიური თვალსაზრისით. ივლისში გზა გაიხსნება სრულად, რაც გადაადგილების დროის განახევრებას უზრუნველყოფს. ამას გარდა, კახეთში, მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს ბაკურციხიდან წნორის მიმართულებით. ეს მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. აქ, ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მეშვეობით, ყველანაირი სტანდარტის გათვალისწინებით მოხდება გადაადგილება და ამასთანავე აქაც განახევრდება გადაადგილების დრო. ეს და სხვა დაგეგმილი პროექტები იქნება ძლიერი მუხტი კახეთის პოტენციალის შემდგომი განვითარებისთვის,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ