ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დაიწყო.
ქვეშეთი-კობის ახალი გზის აშენებით წელიწადის ნებისმიერ დროს რეგიონში შესაძლებელი იქნება უსაფრთხოდ გადაადგილება ყველა ტიპის ავტომობილისთვის.
არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ 23 კმ იქნება, რაც ნიშნავს, რომ მანძილი 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 სთ-ით შემცირდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება.
სამუშაოების შესასრულებლად სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ ვიბრაცია დაყვანილია მინიმუმამდე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას.
პროექტის შესაბამისად, ახალი გზის არეალში, მოხვდება შემდეგი სოფლები: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიანი-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, მუღურე, წკერე და კობი.
სამუშაოები რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან და მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილთან ერთად მოინახულა.
ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია, მშენებლობას აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკები აფინანსებს.
პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.
„კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა კონსტრუქციის არაგაბირიტული ნაწილების ფოთის პორტიდან ტრანსპორტირება. ამ ეტაპზე, საბურღი მოწყობილობის ძირითადი ნაწილი ადგილზეა და კონსტრუქციული ნაწილის აწყობა უკვე დასრულდა, დარჩენილია სამუშაობი, რაც სხვადასხვა ფუნქციურ ელემენტს ეხება. გეგმის შესაბამისად, ივნისის ბოლოსთვის ვვარაუდობთ TBM-ის სრულად აწყობას და ბურღვის დაწყებას. ეს უახლესი მეთოდია მსოფლიოში და საუკეთესო გადაწყვეტაა ჩვენს შემთხვევაში ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის - დროის, ფინანსური და რა თქმა უნდა, ეკოლოგიური თვალსაზრისით,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ადგილზე სამშენებლო სამუშოების გაცნობის შემდეგ.