დუშეთის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორისაა ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის Ν1 და სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლები, რომელთა სრული რეაბილიტაციაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სპორტული მოედნები, ეზოს ტერიტორია და სხვა. ასევე, დამონტაჟდება წყალ-კანალიზაციის, სახანძრო, გათბობის, ელექტრო მომარაგებისა და ვენტილაციის სისტემები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე შენობა, რომლებიც ჯამში 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
პირმისაანთკარისა და ქ.დუშეთის პირველ საჯარო სკოლაში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე. მხარის პირველი პირი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურთან ერთად გაეცნო.
„ახალგაზრდების განათლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამიტომაც, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით არაერთი პროექტი განხორციელდა. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენს რეგიონში კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის უკვე მოვინახულეთ ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის Ν1 და სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტების დასრულების შემდეგ სკოლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ჩვენს ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სწავლა აბსოლუტურად განახლებულ გარემოში დაიწყონ, რაც რა თქმა უნდა, მათ მოტივაციას საგანმანათლებლო თუ სპორტული მიმართულებით კიდევ უფრო გაზრდის.
ასევე, აუცილებლად მინდა, რომ დიდი მადლობა გადავუხადო მუნიციპალური განვითარების ფონდს, რადგანაც ორივე სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ მათ მიერ ხორციელდება", - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.