დღეიდან, გურჯაანის სამედიცინო ცენტრში ექიმები ვიდეო კონსულტაციების მეშვეობით შეძლებენ იმ პაციენტების მართვას, რომლებიც მკურნალობას სახლში გადიან. არსებული ეპიდვითარების ფონზე, ონლაინ კლინიკების ჩართულობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც ოპტიმალური მართვის, ასევე დაინფიცირების რისკების შემცირებისა და მედპერსონალის რესურსის შენარჩუნებისთვის.
გურჯაანის სამედიცინო ცენტრში ვიდეო კონსულტაციებისა და ტელემედიცინის ამერიკული პრაქტიკა ადგილობრივ მედპერსონალს გაუზიარა ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა და ტელემედიცინის სპეციალისტმა დავით მრელაშვილმა. მისი თქმით, სისტემა, რომელიც გურჯაანის სამედიცინო ცენტრში ამოქმედდა, სხვადასხვა რგოლს შორის კომუნიკაციას კიდევ უფრო გაამარტივებს.„ვიზიტის უშუალო მიზანი იყო კლინიკის ონლაინ მუშაობის ოპტიმიზაცია და რამდენიმე პროექტის განხორციელება, რომელიც სამედიცინო ცენტრს საშუალებას მისცემს, დისტანციურად მყოფი პაციენტების მდგომარეობა უფრო ეფექტურად მართოს. ასეთი პაციენტების დისტანციურად მართვისთვის მე შევიმუშავე ტელემედიცინის მეთოდი - როგორც აუდიო, ისე ვიდეოზარები და სხვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება. ამ მიზნით გარკვეული ციფრული აპარატურითაც დავეხმარე კლინიკას, რისი მეშვეობითაც ადგილზევე სატესტო რეჟიმში ვნახეთ რამდენიმე პაციენტი და ჯერჯერობით ძალიან პოზიტიური შედეგები გვქონდა. ნამდვილად დაიზოგა დრო, არაერთმა პაციენტმა აღნიშნა, რომ ონლაინ კლინიკის გახსნამდე დღეების განმავლობაში უწევდათ სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე დარეკვა. გურჯაანში ონლაინ კლინიკის მეშვეობით, რომელსაც დავამატეთ ვიდეოკონსულტაციები, უფრო გავზარდეთ ინფორმაციის დამუშავების სიჩქარე და ეფექტურობა “ - განმარტა დავით მრელაშვილმა.
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმისგან კლინიკამ საჩუქრად 50 პულსოქსიმეტრი მიიღო, რომელიც ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით, პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, ბინაზე მკურნალობის დროს მას დროებით სარგებლობაში გადაეცემა. როგორც მედიკოსები აცხადებენ, პულსოქსიმეტრების მეშვეობით ექიმებს შეუძლიათ, სწრაფად შეაფასონ პაციენტების რეალური მდგომარეობა. კოვიდ პაციენტების მართვის პროცესში სისხლში ჟანგბადის დონე მნიშვნელოვანი პარამეტრია, რადგან ის საშუალებას იძლევა, სწრაფად გაირკვეს, რომელი პაციენტია რეალურად მძიმე და უფრო მეტად რომელ პაციენტში იკვეთება ფსიქოლოგიური ფაქტორები.(ბინაზე მკურნალობის დროს პულსოქსიმეტრებით პაციენტებისთვის ჟანბადის დონის გაზომვა ჰოსპიტალების რესურსის სწორად გამოყენების საშუალებას იძლევა).
გურჯაანის სამედიცინო ცენტრის დირექტორის გელა ორველაშვილის შეფასებით, დავით მრელაშვილის მიერ გაზიარებული გამოცდილება და ერთობლივად აწყობილი ვიდეო კონსულტაციის სერვისი პაციენტების დისტანციურად მართვის პროცესში მნიშვნელოვან და ეფექტურ ცვლილებებს შეიტანს.
„გვსურს, დავით მრელაშვილის მიერ შექმნილი ტელემედიცინის სისტემა კახეთის მასშტაბით დავნერგოთ, რადგან გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული სამსახური არის კახეთის ონლაინ კლინიკა. პაციენტს თუ აქვს შეკითხვა და ამასთან დაკავშირებით 112-ში რეკავს, ცხელი ხაზი მას ჩვენს ექიმთან ამისამართებს, შემდეგ ჩვენი ექიმი უკავშირდება პაციენტს და აძლევს შესაბამის რჩევებს. რადგან ასეთი ზარები ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის და ექიმები ყველასთან მუდმივად დაკავშირებას ვერ ასწრებენ, დისტანციური კომუნიკაციის გასამარტივებლად დავით მრელაშვილმა ააწყო სისტემა, რომელშიც ჩავწერეთ პაციენტების ბაზა და მათთან დაკავშირებას უფრო სწრაფად შევძლებთ“, - აღნიშნა მან.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის ახალი სისტემა, რაც პაციენტების ბაზის მართვას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის, წარმატებით დაიტესტა და დისტანციურად მართვის პროცესში უკვე ინტენსიურად ჩაეშვა.