იმერეთის მხარის რწმუნებულმა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაფასა

იმერეთის მხარის რწმუნებულმა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაფასა

  • 2020-10-08 20:02:57

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.

მხარის რწმუნებულმა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაფასა, მისი განცხადებით, მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების და ადგილობრივი თვითმმართველობების მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობა.

„კოვიდ-19 - ის გამოვლენიდან მის ბოლო ეტაპამდე არსებულ ციკლში თითოეული ჩვენგანი 24 საათის განმავლობაში უნდა ვიყოთ ჩართულები. ყოველდღე ყველა მუნიციპალიტეტში მერმა და ამ მიმართულებით მომუშავე პირებმა ზუსტად უნდა იცოდნენ ინფიცირებულთა რაოდენობა და ვინაობა, ბოლომდე უნდა მიყვნენ დაავადებულთა კონტაქტებს. ასევე, საჭიროა ოჯახისა და სოფლის ექიმების მაქსიმალური მობილიზება, ისინი დღეში ხუთჯერ მაინც ურეკავდნენ პაციენტებს, რათა სრულად შეძლონ სიტუაციის კონტროლი. ამ ეტაპზე ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ გვაქვს არც ერთი შეცდომის დაშვების უფლება“. - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ზვიად შალამბერიძემ, ასევე მერებს მოუწოდა, რომ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციებში მოხდეს გაცილებით მეტი ადამიანური რესურსის მობილიზება, უნდა გაიზარდოს იმ თანამშრომელთა რიცხვი, რომლებიც გადამზადდებიან შესაბამისი პირების მიერ და კოვიდ -19 - ის წინააღმდეგ ეპიდემიოლოგებთან ერთად იმუშავებენ.

დღესვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის მოადგილემ კოტე გვეტაძემ, მხარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებს მთავრობის ახალი დადგენილება და რეგულაციები გააცნო, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად მკაცრდება სამედიცინო პერსონალის ტესტირების პროცესი, ასევე უნდა მოხდეს პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებების სრული ინვენტარიზაცია.

„უნდა განხორციელდეს პროაქტიური ქმედებები, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა რესურსი გვაქვს, რომ მზად ვიყოთ უარესი სცენარისთვის და მოვახდინოთ რესურსების მაქსიმალური მობილიზება“. - განაცხადა კოტე გვეტაძემ.

 

იხილეთ ფოტო გალერეა 

მსგავსი პოსტები