„ბათუმში ინფიცირებულთა მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. როგორც დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადეს, ბათუმი არ ჩაიკეტება, ქალაქში სპეციალური საკარანტინო ზომები არ ცხადდება.
ახლა ყველაზე მთავარია ამ პროცესების მართვა. მუნიციპალიტეტის მხრიდან უნდა მოხდეს უფრო მკაცრი ღონისძიებების გატარება. საჭიროა სრული მობილიზება და კონტროლი, ასევე, შესაბამისი ზომების დროულად მიღება - აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა მერიაში გამართულ თათბირზე განაცხდა.
არჩილ ჩიქოვანმა ისაუბრა სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სადაც მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს მოუწოდა, მაქსიმალურად მოხდეს სასწავლო დაწესებულებების ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი და რისკების პრევენცია.
,,გვიახლოვდება სასწავლო წელი, შესაბამისად, გვმართებს, ეფექტური ნაბიჯების გადადგმა ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების მიზნით. მიდგომები გამკაცრდება მუნიციპალური ინსპექციის მიმართულებით, უფრო მეტად გაკონტროლდება საზოგადოებრივ სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადეების გამოყენების წესი. პირველ ეტაპზე შემოწმდება საჯარო და კერძო სკოლები, ხოლო მომდევნო ეტაპზე-საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები. გაგრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის, სამარშრუტო ტაქსების, მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელების, სკვერებისა და პარკების, ატრაქციონების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ლიფტების სპეციალური ხსნარებით დამუშავება. ყველა მუნიციპალურ სამსახურს მოვუწოდებ, რომ გაამკაცროს უსაფრთხოების ზომები” - არჩილ ჩიქოვანი.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ბულვარში განთავსებულ კარვებსა და ქალაქში არსებულ კონკრეტულ პოლიკლინიკებში უფასოდ ჩაიტარონ ტესტი, რათა არ მოხდეს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება.
არჩილ ჩიქოვანმა მოუწოდა მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ შესაბამისი რეკომენდაციები, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის გავრცელება.