“აშშ-ში ჯანდაცვის სექტორი გადაიტვირთა. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, აშშ-ში, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება, რეკორდულად მაღალია კრიტიკული პაციენტების რაოდენობა, რამაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებების გადატვირთვა გამოიწვია”, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მათივე ცნობით, გადატვირთული სისტემა გულისხმობს ზედმეტად ბევრ პაციენტს, ექიმების არასაკმარის რაოდენობას, რომლებიც აკეთებენ არჩევანს და მეტ ყურადღებას უთმობენ იმ პაციენტებს, ვისაც გადარჩენის მეტი შანსი აქვთ.
“აშშ-ს სასწრაფო დახმარებების ასოციაციამ (AAA) გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმადაც, 911-ის სერვისი უახლოვდება კრიტიკულ წერტილს. ყოველდღიურად იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზირებას. განსაკუთრებით დიდია ასეთი პაციენტების რაოდენობა კალიფორნიაში, ფლორიდაში, ნიუ-იორკსა და ტეხასში. კალიფორნიაში ეპიდსიტუაციის დამძიმების გამო შტატი სრულ ლოქდაუნზე გადავიდა და 3 დეკემბერს გუბერნატორმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში, შტატის ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ამოწურავენ შესაძლებლობებს. კანზასის, მასაჩუსეტსისა და ფლორიდას შტატებში, ექიმები, მედდები და დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელები, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კოვიდსიტუაციის გაუარესებას ელოდებიან.
ერთ-ერთი საავადმყოფოს (Edward’s hospital) განცხადების მიხედვით, მათ აქვთ მხოლოდ 2 თავისუფალი საწოლი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მათ საავადმყოფოს პარკინგის ადგილას მოაწყვეს საველე ჰოსპიტალი. ენტონი ფაუჩის განცხადებით, მადლიერების დღესასწაულის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და ეს ციფრი მზარდი იქნება შობამდე, როცა დაიწყება ახალი შეკრებები და კვლავაც გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, აშშ-ში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა, აპრილისთვის, ნახევარ მილიონს მიაღწევს”, – წერს უცხოური მედია.
წყარო: kvira.ge