თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მორიგი პროექტი თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში დაათვალიერა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი თუზში მიმდინარე გზის მოწყობის სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო, ასევე პროექტის მიმდინარეობის შესახებ მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.
თუზის ყოვლადწმინდა სამების ტაძრისკენ მიმავალი გზის მოწყობა რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „მეკას“ მიერ მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაა 647 ათასი ლარი, გარდამავალია, მომავალ წელს დასრულდება და საერთო ჯამში 1,9 კმ გზა მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარით, გვერდულებითა და სანიაღვრე არხებით.
„გზის ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება პირველად, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე. ჩვენთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანია სწორედ იმ პროექტების განხორციელება, რაც მოსახლეობისთვისაა პრიორიტეტული და საჭირო. მიმდინარე წელს მხოლოდ რეგიონული განვითარების ფონდიდან 7 მსხვილმასშტაბიანი საგზაო პროექტი განხორციელდა და საერთო ჯამში 12 კმ. ასფალტო-ბეტონისა და ბეტონის გზა დაიგო, რისთვისაც 3 მლნ. ლარი დაიხარჯა. მომავალ წელს უფრო მეტია დაგეგმილი, საგზაო ინფრასტრუქტურა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით უნდა იყოს მოწესრიგებული,“- აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.