360 დევნილ ოჯახს ზუგდიდში ბინები გადაეცა
ზუგდიდში,ნგრევად შენობებში მცხოვრები 360 დევნილი ოჯახი, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მაჟორიტარმა ირაკლი ჩიქოვანმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ გადასცეს.
,, დღეს 360 დევნილ ოჯახს ბინის გასაღები გადავეცით. თითოეულ მათგანს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს. რა თქმა უნდა ამით პრობლემა ბოლომდე არ გვარდება, მაგრამ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან და დევნილთა სააგენტოსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ უმოკლეს დროში მოხდეს დარჩენილი ოჯახების ბინით უზრუნველყოფა. მიმდინარეობს 5 კორპუსის მშენებლობა, სადაც კიდევ 600 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს. დაახლოებით წელიწად-ნახევარში კი კიდევ 1000-ზე მეტ ოჯახს დავაკმაყოფილებთ საცხოვრებლით. ეს არის უპრეცედენტო ციფრი, ასეთ მოკლე დროში ამდენი დევნილის ბინით უზრუნველყოფის. ეს არის პირველი ნაბიჯები, მათი პირობების გასაუმჯობესებლად და მათი შვილებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად. შემდეგი ნაბიჯი იქნება აფხაზეთში მათთან ერთად დაბრუნება და ჩვენი წარმატების ზეიმი, რომელსაც ყველა ველოდებით“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 68 ნგრევადი შენობა დაიხურა.
დამატებით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ.
ბინების განაწილების შემდგომ, სამეგრელოს რეგიონში მესამე და მეოთხე კატეგორიის ყველა ნგრევადი შენობა, სადაც დევნილები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ დაიხურება.
დევნილებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებლების მშენებლობასა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 22 655 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი მომავალში, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.