ფოთს თანამედროვე სტანდარტების 5 ახალი ავტობუსი გადაეცა.
ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან 5 ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქ ფოთს გადასცა.
ამ ეტაპისთვის, ფოთს გადაეცა 50 მგზავრზე გათვლილი 5 ახალი ავტობუსი. მომდევნო წლის გაზაფხულამდე კი ქალაქს ეტაპობრივად გადაეცემა კიდევ 5 ერთეული ახალი ავტობუსი. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
მოსახლეობა ისარგებლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.
„ ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა დღეისათვის მოქალაქეებისთვის ნაკლებად მიმზიდველია მოძველებული ტრანსპორტის გამო. ავტოპარკის განახლების შემდეგ საჯარო ტრანსპორტით სარგებლობა გაიზრდება.ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც.
ქალაქის ფუნქციონირებას და მოქალაქეების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოწესრიგებული საჯარო ტრანსპორტი, როგორც სწრაფი, ეფექტური და იაფი გადაადგილების საშუალება. ფოთის საქალაქო განვითარებისთვის აუცილებელია საჯარო ტრანსპორტის განვითარება და მისი თანამედროვე გამოწვევებზე მორგება“-განაცხადა ფოთის მერმა.
ფოთის მუნიციპალიტეტში დასრულების ეტაპზეა ავტოპარკის მშენებლობა. ახალი ავტოპარკის მშენებლობა და 10 ახალი ავტობუსის შემოყვანა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და ფოთელებისათვის ქალაქში გადაადგილებას მეტად კომფორტულს გახდის .