კახა კალაძე: თბილისის საჯარო ბაღები ხვალიდან მუშაობას დროებით შეაჩერებენ

კახა კალაძე: თბილისის საჯარო ბაღები ხვალიდან მუშაობას დროებით შეაჩერებენ

  • 2020-11-04 16:17:18

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის საჯარო ბაღები ხვალიდან მუშაობას დროებით შეაჩერებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„ბაგა-ბაღებში სწავლა განვაახლეთ, თუმცა ძალიან მალე, 40-მდე ბაღის დახურვა მოგვიწია. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი მსჯელობა იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ხვალიდან საჯარო ბაღები დროებით დაიხურება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობის მდგომარეობას ვუფრთხილდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, ბაღებში ის სოციალური პროექტი გაგრძელდეს, რომლის თანახმადაც, მშობლებს აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი რაციონის სახლში წაღება შეეძლებათ.

„მინდა, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უზრუნველყოს კვების საკითხი, ისევე, როგორც ამას პანდემიის პერიოდში ვაკეთებდით და მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკვები რაციონი სახლში წაეღოთ. პროდუქტებით უზრუნველყოფა მოვახდინოთ ისე, როგორც ეს წინა თვეების განმავლობაში გვქონდა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ყველა საჯარო ბაღი მუშაობას შეაჩერებს იქამდე, ვიდრე საკოორდინაციო საბჭოსა და ეპიდემიოლოგების მიერ სხვაგვარი რეკომენდაცია არ გაიცემა.

გარდა ამისა, თბილისის მერმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით ისაუბრა. კახა კალაძემ გასული დღის სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.

„გუშინ, ავტობუსში ასვლას პირბადის გარეშე 1 489 მგზავრი შეეცადა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. 1 567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის სწორად ტარებასთან დაკავშირებით, ორ შემთხვევაში, საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. 63 მოქალაქებს ჰქონდა მცდელობა, მიკროავტობუსით პირბადის გარეშე ემგზავრა. გამოვლინდა ფეხზე დგომით მგზავრობის სამი შემთხვევა, მგზავრებს მიეცათ რეკომენდაცია, ხოლო ამ კონკრეტული მიკროავტობუსების მძღოლებს ორი დღით აეკრძალათ მუშაობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოსახლეობას პირბადის ტარებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მინდა, კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართო ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მოვუწოდო პირბადის ტარებისკენ. ეს არის აუცილებლობა იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა. დღეს ყველაზე ძლიერი საშუალება და შესაძლებლობა ვირუსის დაცვისგან პირბადის ტარებაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ მგზავრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები