ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე სხვადასხვა სფეროში გაწეული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ საზოგადოებისთვის ანგარიშის წარდგენას აგრძელებს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე სხვადასხვა სფეროში გაწეული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ საზოგადოებისთვის ანგარიშის წარდგენას აგრძელებს

  • 2021-01-11 15:01:03

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე სხვადასხვა სფეროში გაწეული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ საზოგადოებისთვის ანგარიშის წარდგენას აგრძელებს.

,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობაა. იმისთვის, რომ ზუსტად განვსაზღვროთ სოფლის თუ თემის პრიორიტეტი და ვიცოდეთ აქ მცხოვრები თითოეული ოჯახის საჭიროება, აუცილებელია საზოგადოებასთან პირდაპირი და უშუალო კონტაქტი. სწორედ ამიტომ, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პერიოდულად ვხვდებით მოსახლეობას, ადგილზე ვეცნობით მათ საჭიროებებს და ვცდილობთ შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ვიპოვოთ ეფექტური გზები გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად.

არსებული პანდემიის პირობებში, როცა ხალხმრავალი შეკრებები დროებით შეზღუდულია, მზად ვარ აღნიშნული ფეისბუქ გვერდით, გარკვეული პერიოდულობით, live ფორმატში გავმართო შეხვედრა, პირადად გაგაცნოთ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები და ვუპასუხო თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ შეკითხვას.

მანამდე კი, ეტაპობრივად წარმოგიდგენთ ინფორმაციას, 2020 წელს, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით და იმ ღონისძიებებსაც გაგაცნობთ, რომლებიც მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.

რამდენიმე დღის წინ დეტალურად ვისაუბრე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ახლა კი იმ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს წარმოვადგენ, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

სოციალური პროგრამების დაფინანსების მიზნით 2020 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 342 500 ლარი. აღნიშნული თანხით განხორციელდა:

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება; 10 000 - მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების საახალწლო და სააღდგომო პაკეტით უზრუნველყოფა; ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ახლადშექმნილი ოჯახების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა, უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება; მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება; მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება; უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა; მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება; 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს, 694 ბენეფიციარზე გაიცა 267 051, 18 ლარი.

სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 270 000 ლარით დაფინანსდა 4 ქვეპროგრამა:

ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების სამედიცინო მომსახურება; ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა; ამბულატორიულ - მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება; ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა მედიკამენტური მკურნალობა.

2020 წელს სამედიცინო მომსახურება გაეწია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 292 ბენეფიციარს. გაცემულია 218 707,62 ლარი.

მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ არსებული პროგრამები, ბევრი სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის ინტერესები გავითვალისწინოთ და ხელი შევუწყოთ მათი ეკონომიური მდგომარეობისა თუ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას."

ზვიად მხეიძე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი.

მსგავსი პოსტები