ქალაქ დუშეთში, ნომერ მეორე საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ დუშეთში, ნომერ მეორე საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-02-26 12:49:26

ქალაქ დუშეთში, ნომერ მეორე საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილესთან მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან ერთად გაეცნო.

მხარის რწმუნებულთან ერთად, ობიექტზე იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, სამშენებლო და საექსპერტო კომპანიის წარმომადგენლები.

პროექტი ითვალისწინებს საბავშვო ბაღის შენობის და ეზოს განახლებას, სახურავის, კარ-ფანჯრების, იატაკებისა და შიდა და გარე ფასადების რემონტს. სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალის რეაბილიტაცია, მუნიციპალური ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სახელმწიფო რწმუნებულის დავით ნოზაძის განცხადებით ამ ეტაპისთვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შენობაზე ფანჯრები უკვე შეცვალა, მიმდინარეობს ამწეს მონტაჟი, რომლითაც შშმ პირები ისარგებლებენ.

„სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებისგან მოვისმინე სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია და ვთხოვე, რომ პროექტი ტენდერით გათვალისწინებულ დროში დასრულდეს. ადგილზე ათზე მეტი ადამიანია დასაქმებული, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ბაღის თანამშრომლები და აღსაზრდელები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში გააგრძელებენ სწავლას და მუშაობას. აღსანიშნავია რომ მსგავსი სახის სამუშაოები მიმდინარეობს დუშეთის ნომერ მესამე და მაღაროსკარის სააღმზრდელო დაწესებულებებშიც. სკოლამდელი განათლება ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს,“-განაცხადა დავით ნოზაძემ.

მსგავსი პოსტები