თორნიკე რიჟვაძე: დღეიდან ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს ცხელების ცენტრი

თორნიკე რიჟვაძე: დღეიდან ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს ცხელების ცენტრი

  • 2020-10-01 22:55:01

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 194 პირი და ჯამში კორონავირუსი 1300-ზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას შტაბის წევრებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ესწრებოდნენ.

გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა 194 პირი. ჯამში რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1300-ზე მეტია. ყველა დადასტურებული შემთხვევა არის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ახალი პროტოკოლის შესაბამისად მათ მომსახურება მიეწოდებათ როგორც სტაციონარში, ისე კოვიდსასტუმროებში, კონსულტაცია ხორციელდება ონლაინ კლინიკების მეშვეობით. ყველაზე საჭირო პერიოდში ეპიდემიოლოგები უზრუნველყოფენ ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას.

აჭარაში მობილიზებულია ყველა ტიპის 600-ზე მეტი საწოლი, რომელიც საჭიროებისამებრ გამოყენებულია აღნიშნული პირების სამედიცინო მომსახურებისათვის. დამატებით მოხდა 20 რეანიმაციული საწოლის მობილიზება რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. ჯამში რეგიონში 45 ინტენსიური თერაპიის პალატა აქვს და მომსახურებას გაუწევს აღნიშნული საჭიროების მქონე პაციენტებს. კლინიკებში მკურნალობს 515 პაციენტი, ყოველდღიურად თავისუფალი საწოლების რაოდენობა მერყეობს 70-დან 100-მდე. Covid სასტუმროებში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 910-ზე მეტი პირი. რაც შეეხება ონლაინ კლინიკებს, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის 700-ზე მეტი მოქალაქე.

დღეიდან ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს ცხელების ცენტრი. ამ მიმართულებით საქმიანობას გააგრძელებს ინფექციური საავადმყოფო და მედემერჯენსი. ლაბორატორიული კვლევის მიღებამდე მოქალაქეები დაყოვნდებიან სწორედ ცხელების კარანტინებში.

მსგავსი პოსტები