ვაქცინაციის პროცესი მცხეთა-მთიანეთში

ვაქცინაციის პროცესი მცხეთა-მთიანეთში

  • 2022-02-07 12:30:51

მცხეთა-მთიანეთში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. მხარის მოსახლეობას შესაძლებობა აქვს აცრა, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაიკეთოს.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით სოფლის 22 ამცრელი ამბულატორია და 5 მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც აცრა ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.

იმუნიზაციის პროცესს ამცრელ პუნქტებში სისტემატურად ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამჯერად, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი სოფელ მუხრანის ამცრელ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. მათ მოსახლეობას ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს და იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

"სასიხარულოა, რომ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აცრა საჭიროა ჩვენი ჯანმრთელობისა და ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის.

ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ რეგიონის მასშტაბით, ოთხივე მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ კამპანია გრძელდება. პროცესში ჩართულები არიან როგორც მერები, ასევე, საკრებულოს დეპუტატები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ იმუნიზაციის პროცესისა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ," - განაცხადა დავით ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.

მსგავსი პოსტები