ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება ქვეყანაში დაწესებული ცალკეული შეზღუდვების შესახებ

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება ქვეყანაში დაწესებული ცალკეული შეზღუდვების შესახებ

  • 2020-09-09 18:01:23

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობას უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული ცალკეული შეზღუდვების შესახებ  ინფორმაციას უზიარებს და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვას სთხოვს.

 

,,ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში დადასტურდა Covid-19-ის 44 შემთხვევა,  შესაბამისად, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, რის გამოც უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალკეული შეზღუდვების დაწესების და კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რომელთა შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები:

1. თეატრებისა და კინოთეატრების, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა გადაიდო ერთი თვით - 1 ოქტომბრის ნაცვლად გაიხსნება 1 ნოემბერს.

2. ხვალიდან იკრძალება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები ღია ცის ქვეშაც.

3. ხვალიდან იკრძალება იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ დახურულ სივრცეში ასეთი შეზღუდვა აქამდეც არსებობდა.

4. ასევე, საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკოლებში გაუქმდეს საზეიმო ღონისძიებები.

ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ შეზღუდვები არ ეხება საარჩევნო, პოლიტიკურ პროცესს. თუმცა, მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი რეგულაციების მიხედვით აუცილებელია პირბადის ტარება - საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, დახურულ სივრცეებში, საერთო სარგებლობის ლიფტებში და დახურულ ღონისძიებებზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია. ამ მოთხოვნის შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აღსრულების კონტროლი მოხდება აქტიურად და შედარებით მკაცრად. აქტიურად იმუშავებს, როგორც პოლიცია, ასევე შრომის ინსპექცია და მუნიციპალური სამსახურები“- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები