მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

  • 2020-12-09 17:50:58

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილეებთან ალექსანდრე ხურცილავასთან და აკაკი ხუნწელიასთან, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

ქალაქ მარტვილში №1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება კედლებს, იატაკს და ჭერს. მოეწყობა კიბის მოაჯირები და დამონტაჟდება გათბობის სისტემა. ასევე საბავშვო ბაღის ეზოში ეწყობა ღია სცენა. პროექტის ღირებულება 150 685 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ი.მ. გივი ცაავა ასრულებს. სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას, ასევე მოეწყობა ასფალტობეტონის სავალი ნაწილი და ლითონის მოაჯირები. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 598 905 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „Construction Service“ ასრულებს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. აგრო-ბაზრის მოწყობისთვის 118 459 ლარი გამოიყო. პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი პოსტები