დუშეთის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების პროექტები ხორციელდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების პროექტები ხორციელდება

  • 2020-12-23 14:28:05

ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას.

სამუშაოები მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებულ პუნქტში - გოგნაურში, მანასეულში, ხარხეთში, სალაჯურში, პავლეურში, ცივწყაროში, დოლასქედში, ჯუღისი-ვაშლობში, ჩირდილელიანთკარში, გრიგოლიანთკარსა და ჩუბინიანთკარში.

პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 46 491 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 613 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

ამჟამად, დასრულებულია 3 მუნიციპალიტეტის დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის 25 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აშენდა 175 254 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2 213 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში 2019-2021 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სულ გაზიფიცირდება 36 დასახლებული პუნქტი, რაც მოიცავს 2826 აბონენტს.

2013 წლიდან - დღემდე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა 3 მუნიციპალიტეტის 39 დასახლებულ პუნქტში. სამუშაოების შედეგად აშენდა 273 170 გრძივი მეტრი გაზსადენი და გაზიფიცირდა 3739 აბონენტი.

მსგავსი პოსტები