ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გორის მერია 24 საათიანი გრაფიკით მუშაობს

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გორის მერია 24 საათიანი გრაფიკით მუშაობს

  • 2020-05-11 16:55:13

გორის მერია 24 საათიანი გრაფიკით მუშაობს და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს.

მერის ბრძანებით, უწყების თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე 12 მარტიდან გადავიდა. აღნიშნული რეჟიმის მიუხედავად, საჯარო მოხელეები ამ დროის განმავლობაში 24საათიანი გრაფიკით აგრძელებენ მუშაობას და მოსახლეობას აწვდიან ყველა საჭირო მუნიციპალურ სერვისს.

სპეციალური ხსნარებით ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები გორის ქუჩებსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში, ადმინისტრაციულ შენობებში, დევნილთა ჩასახლებებში, სკვერებში, დასასვენებელ სივრცეებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში.

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა მომართვიანობა. მერიის ცხელ ხაზზე 15 000 - ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მომსახურება. გადაადგილების მიზნით, გაიცა 500 - ზე მეტი საშვი. მომზადდა ნუსხა იმ ოჯახების, ვისაც ახალმა ვირუსმა პრობლემები შეუქმნა.

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო. შეძენილ იქნა სასურსათო პროდუქტები, რომლებიც ეტაპობრივად 3000 ოჯახს გადაეცემა.

3000 - მდე ოჯახს გადაუნაწილდა ის პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციამ თუ კერძო პირმა მიაწოდა მერიას. გორის მერია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ყველა ქველმოქმედს დახმარებისთვის.

გორის მერია უზრუნველყოფს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების ტრანსპორტირებას, რომლებსაც შეზღუდვების გამო გადადგილების პრობლემა შეექმნათ.

გორის მერია ინტენსიურად უზრუნველყოფს საჭირო რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს იმ ობიექტებში, რომლებიც აგრძელებენ ეკონომიკურ საქმიანობას.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის მიზნით, ყოველდღიურად მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოძრაობს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ხმოვანი შეტყობინებით მოუწოდებს მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისაკენ. გაფრთხილებას ეთნიკური უმცირესობები მათთვის გასაგებ ენაზე ისმენენ.

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში რამოდენიმე ეტაპად განხორციელდა აღსაზრდელების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების დარიგება. დახმარებით 6 000 - მა ოჯახმა რამდენჯერმე ისარგებლა.

გორის მერია იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დიალიზის პროცედურის ჩატარება ესაჭიროებათ, 3 თვის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებამდე ტრანსპორტირებისთვის საჭირო ხარჯებს უნაზღაურებს. აღნიშნული პირების ტრანსპორტირებისთვის მერიამ ბიუჯეტში 70 000 ლარი გაითვალისწინა.

გორის მერიამ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ბიუჯეტიდან 270 ათასი ლარი გამოყო. აქედან 150 ათასი ლარით შეძენილ იქნა საკვები პროდუქტები, 70 000 ლარი დიალიზის პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯებს, ხოლო 50 ათასი კი ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას მოხმარდება.

 

🎬 იხილეთ ვიდეო 

მსგავსი პოსტები