შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

  • 2020-03-02 18:05:17

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დავალებით შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს.

უწყების თითოეულმა წარმომადგენლებმა არსებულ მდგომარეობაზე სახელმწიფო რწმუნებულს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. ასევე, რეკომენდაციის საფუძველზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდა, რაც თავის მხრივ გულისხმობს დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებასაც.

,,შიდა ქართლის მასშტაბით უკვე დავიწყეთ სკოლებში, საბავშვო ბაღებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება. შესაბამისი სამსახურები აქტიურად ვთანამშრომლობთ და ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას" - აღნიშნა რწმუნებულმა.

სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

მსგავსი პოსტები